საქართველოს ბაზარზე შემოდიან ავიაკომპანიები Oman Air და Eurowings – თურნავა

ივნისი 7, 13:34
0
57

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები – Oman Air და Eurowings შემოდიან. თურნავას თქმით, ისინი ავიარეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებენ.

“ახალი ფრენები ანონსდება, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე. ცნობილი გახდა, რომ Oman Air, მნიშვნელოვანი არაბული სახელმწიფოს ავიაგადამზიდი კომპანია შემოვა და დაიწყებს ფრენებს კვირაში რამდენიმეჯერ. ასევე, ივლისიდან ჩვენ უკვე დავუდასტურეთ დაბალბიუჯეტიან ევროპულ კომპანიას, Lufthansa-ს შვილობილ კომპანია Eurowings-ს და ის დაიწყებს კვირაში რამდენიმეჯერ ფრენას თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით.

ასევე, პერმანენტულად შემოგვდის მოთხოვნა სხვადასხვა უკვე მოქმედი ავიაკომპანიისგან სიხშირეების გაზრდაზე”, – თქვა თურნავამ.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, “არააუცილებელი მიზნით” მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი – ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.