სააკაშვილის სცენარი და გახარიას შესრულება – მამუკა არეშიძის სკანდალური ინტერვიუ ექსპრემიერზე

ივნისი 2, 11:24
0
612

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს, “ნაცმოძრაობასა” და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს. სკანდალურ ინტერვიუში ექსპერტი ნიკა მელიას დაკავების დღეზე, კიევში დაგეგმილ სცენარზე საუბრობს და საკუთარ პოზიციას არგუმენტებით ამყარებს.

– ბატონო მამუკა, რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ გიორგი გახარიას არგუმენტები, რომლებიც მან პრესკონფერენციაზე გააჟღერა და სადაც ის ხსნის, თუ რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება?
– თავიდან, როდესაც გადადგომის თაობაზე გავიგე, აღვიქვი, როგორც “ოცნების” გუნდში არსებული უთანხმოების შედეგი, რაც მელიას დაკავების საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც არაერთგზის განვაცხადე, რომ მელია უნდა ყოფილიყო დაკავებული უფრო ადრე, დანაშაულის ჩადენის დროს და არა მაშინ, როდესაც მოხდა მისი დაკავება. გამოდის, რომ ჩემი და გახარიას პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ითხოვდა გახარია დაკავების ორი-სამი დღით გადადებას.
მოკლედ, მაშინ საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზეც არ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა. მისი გადადგომიდან გასული დროის განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მოსული მრავალი არაერთგვაროვანი ინფორმაცია დაგროვდა, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ – უცხოეთიდანაც, მაგალითად, კიევიდან.
საბოლოოდ, ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საინტერესო სურათი იკვეთება. კერძოდ, ისე ჩანს, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან ლიდერთან.
ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება, რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ ან არ დაპატიმრება და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი – სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა.
– თქვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენი შეხვედრა შედგა და რას ნიშნავს „რევოლუციური სიტუაციის“ შექმნა?
– მე როგორც მითხრეს, რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი კი – გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას – ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, რომ მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად.
მოგეხსენებათ, ხელისუფლება მაშინ არცთუ მარტივ ვითარებაში იმყოფებოდა. ოპოზიცია პარლამენტში არ იყო შესული, რის გამოც პარლამენტის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. “ნაცმოძრაობა” გეგმავდა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი. 18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის „აღიარების“ შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია. ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ, შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ „ოცნება“ ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ, “ნაცმოძრაობის, ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ, პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა.
სხვათა შორის, სააკაშვილის სარფიდან შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ გააჟღერა თავის ვიდეომიმართვაში.
კონკრეტულად, ვის მიერ იყო ეს სცენარი შემუშავებული?
-როგორც მეუბნებიან, სცენარის ავტორი თვითონ სააკაშვილი იყო. შეძლებდა თუ არა “ნაცმოძრაობა” ამ სცენარის განხორციელებას, ამის დანამდვილებით თქმა რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ მეხუთე კოლონისა და, როგორც უგულავას წამოსცდა, ტროას ცხენის პირობებში, „ოცნებას“ ამ სცენართან დაპირისპირება ძალზე გაუჭირდებოდა. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი პოზიცია რადიკალურად შეცვალა და მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება მოითხოვა. როგორც ჩანს, ეს იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაციის აუცილებელი დრო. თუ „ოცნება“ მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა. სწორედ ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ მელიას ვერდაკავება იყო ის სცენარი, რომელიც „ქართული ოცნების“ სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. მხოლოდ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ გახარია თავდაპირველად იმუნიტეტის მოხსნას დეპუტატებისგან კატეგორიულად ითხოვდა, ხოლო შემდეგ, ასეთივე კატეგორიულობით, მელიას დაკავების გადადებას მოითხოვდა.
-გახარია თვითონ იყო პრემიერი, რა უნდა შეეთავაზებინა სააკაშვილს, რომ ასეთ გარიგებაზე წასულიყო? თანამდებობა, რომელიც ისედაც გააჩნდა თუ ფული?
საქმეში ჩახედული საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილი იყო, რომ გიორგი გახარია განსაკუთრებულად კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს „ოცნების“ გუნდში. არ არის გამორიცხული, მას უკმაყოფილება დაუგროვდა, თუმცა, წყაროს ცნობით, დიდ ფინანსურ ინექციაზეა საუბარი.
-მაინც, რა თანხაზეა საუბარი?
წყაროს ცნობით, რამდენიმე მილიონზე. თუმცა, ამის დამადასტურებელი საბუთი, სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, მე არ გამაჩნია. საერთოდ, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი ჩემთვის რთული დასაჯერებელია, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა ბევრ კითხვაზე ითხოვს პასუხს.