როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, არც ჩვენი გზა იყო მარტივი – გიტანას ნაუსედა

ივნისი 11, 12:21
0
81

როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას აღინიშნა, რომ მხარს უჭერენ ევროპის კომისიის მცდელობას, რომ შეიქმნას საერთო ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების სისტემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან.

„ძალიან მიხარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტის რანგში საქართველოში პირველად ვიმყოფები, აქამდე გაგებული მქონდა, თუ როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო, ახლა კი შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის.

მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ვილნიუსში 2019 წელს, ლიეტუვა და საქართველო გეოგრაფიულად შორსაა, თუმცა მათ ძლიერი კავშირები აქვთ. პირველ რიგში ჩვენ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ და ასევე ჩვენ წინაშეა სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, რომ სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, თუ რა იყო ჩვენი მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ასევე ვხედავთ მსგავს მონდომებას ქართველ ხალხში, ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, თუ როგორ უნდა დავხმარებოდით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ცოტა ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 15,000 დოზა გადავცეთ საქართველოს, თუმცა ეს ციფრი შეიძლება დაკორექტირდეს უახლოეს მომავალში. ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა გაუზიაროს საქართველოს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციით დაიწყო. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე კი, ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ფოტო: იმედი