როგორ მინდა, განვითარებული ემოციური ტვინის და სააზროვნო ფუნქციების მქონე ხალხის მთავრობაში ყოფნას მოვესწრო – ნათია ფანჯიკიძე

ივლისი 19, 15:50
0
98

ფსიქოლოგი, სარებილიტაციო ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“არ გამოვიყენებ ფსიქოლოგიურ ტერმინებს, ხალხურად ვიტყვი – სუსტი პიროვნული ღერძის მქონე ადამიანებს, ელემენტარული პასუხისმგებლობის ზიდვა არ შეუძლიათ. არც თავიანთ სიტყვაზე, არც საქციელზე. თვითრეფლექსიის ეშინიათ, საკუთარი თავის დადანაშაულების, რომ მერე დასკვნის გამოტანის არ ეშინოდეთ, გამოსწორების მცდელობის არ ეშინოდეთ. სამწუხაროდ, უმეტესი პოლიტსპექტრი (და არამარტო პოლიტსპექტრი) ასეთი უღერძო პიროვნული განვითარებისაა. ისხლიტავენ ყველაფერს და განრიდებითი ქცევა აქვთ ნებისმიერ, ოდნავ ჩიხურ სიტუაციაში. ჟურნალისტი ეკითხება დეპუტატებს, – გრძნობთ მომხდარზე პასუხისმგებლობას? – და დეპუტატები გარბიან, თქვენ “თავისუფალი მედია” არ ხართო, თვითონ თავისუფლები იყვნენ თითქოს. მომხდარზე, რომელშიც არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, მეც კი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მეც მიჩნდება უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ, რომ საკმარისი გავლენის მოხდენა არ შემიძლია ზოგად ატმოსფეროზე, რომ სიყვარულის საკმარისი გავრცელების ძალა არა მაქვს, როცა მუხტი იკვრება და შეჯახება ახლოვდება და რანაირად, აი რანაირად არ ამბობენ სრული გულწრფელობით, გულგაგლეჯილები, რომ კი, ქლიავები ვართ, უღონოები, ვერ შევძელით და გვტკივა. როგორ მინდა, განვითარებული ემოციური ტვინის და სააზროვნო ფუნქციების მქონე ხალხის მთავრობაში ყოფნას მოვესწრო, ეგოცენტრული ხალხის, რომელიც მთავარ ღერძად თვლის თავს, კარგი გაგებით და რაც ხდება, სჯერა, რომ მისი ბრალია” – წერს ფანჯიკიძე.