„როცა „ქართუს” დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, მისი მზარეულიც შეიძლება მოგვევლინოს რომელიმე თანამდებობაზე“ – რომან გოცირიძე

ივლისი 20, 13:18
0
215

კახა კალაძე ლამაზად, ევროპულად იცვამს, უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკი, შარფი, ქუდი აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი – სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” საკადრო რესურსი არ აქვს, ამიტომ კალაძეს ალტერნატივა არ აქვს მათ გუნდში. ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება.

„პიარში მილიონებს ხარჯავს კალაძე და ნუთუ ერთი კარგი პიარის სპეციალისტი არ ყავდა, რომ მაინცდამაინც მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა? მთაწმინდაზე მისი პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად, ეს სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის, არამედ სტარტის მიცემა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება ქვემოთ, არ ჯობდა სხვა პარკი აერჩია? მეორეც, ბატონ კალაძეს არავითარი განცხადებები არ გაუკეთებია, ფაქტობრივად მისი დუმილი იყო თანხმობა მთავრობის კურსისა, რომელმაც წააქეზა ქუჩაში მოთარეშე მოძალადეები. მისი დუმილი არ არის ამ შემთხვევაში ოქრო, პირიქით, ის აჩვენებს, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ არაპოპულარულ და ივანიშვილისთვის მტკივნეულ საკითხებზე ოდნავ კრიტიკული განცხადება გააკეთოს.

ის ძალიან დაზარლდა ფინანსურად. სიმართლე გითხრათ, ლამაზად, ევროპულად იცვამს, უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკი, შარფი, ქუდი, შარვალი აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი, სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, ამიტომ მის პირად ინტერესებშიც არის, რომ კალაძემ გააკეთოს დემოკრატიულ – ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს მათ ვინც ჟურნალისტებს აქ საშინელი დღე აყარეს. ერთადერთი, რა კომპრომისზეც ახლა დღეს კალაძე შეიძლება წავიდეს, ეს იქნება რომ ჩოხა-ახალუხზე ბოტასები ჩაიცვას, აი, ეს იქნება მისი ყველაზე თამამი ნაბიჯი.

„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, ვისაც საბჭოური გამოთქმით რომ ვთქვათ, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავდით, ბრიგადირის დონის კადრები შემორჩათ, კალაძეა ერთადერთი, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკადრო რესურსი, როცა „ქართუს” დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, მისი მზარეულიც შეიძლება მოგვევლინოს რომელიმე თანამდებობაზე. ამოიწურა რესურსი, არავინ მიდის „ოცნებაში”, ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა“, – განაცხადა გოცირიძემ.