რატომ გადადგა გახარია – დეტალური განმარტება 17 თებერვლის ღამეზე

ივნისი 8, 22:35
0
158

“ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი არ არის”, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში ნაცმოძრაობასთან ალიანსზე.

“რეალობა იყო როგორი: პარტიის ხელმძღვანელობამ მომმმრთა თხოვნით, რომ 13 თებერვალს შევხვედროდი უმრავლეობას. შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ისინი, როგორც ჩანს, ვერ არწმუნებდნენ უმრავლეობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მე ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

13 თებერვალს მე შევხვდი უმრავლეობას და მათ სწორედ ამ პოზიციიდან ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ, რამდენიმე მიზეზის გამო:

მიზეზი N1: მელია სამართლის წინაშე უნდა გათანაბრდეს რიგით მოქალაქესთან, იმიტომ რომ მელია ამ პერიოდში აგრესიულად იყენებდა რიტორიკას, რასაც ხელს უწყობდა მისი იმუნიტეტი. გარდა ამისა, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ რიგით მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის წინ ძალადობრივად შეჭრილიყვნენ პარლამენტში, ეს იყო ძალადობრივად ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობა ოყო და ამას ჰყავდა რამდენიმე ორგანიზატორი, მათ შორის მელია. ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, მე კარგად მახსოვს ბავშვობიდან რას ნიშნავს პარლამენტში შეჭრა და ჩემთვის ეს ფუნდამენტურად მიუღებელია.

გიორგი გახარია ყვება, რომ მთავრობა იმ დღეებში ყველანაირი სცენარისთვის ემზადებოდა.

“მე, მთელი ჩემი ემოციით, ყოველგვარი უხეშობის გარეშე, და არა ისე, როგორც იჭორავეს ვიღაცებმა, დამიჯერეს პარლამენტარებმა და მას ეს იმუნიტეტი მოუხსნეს 16 თებერვალს. უკვე მსჯელობა მიმდინარეობდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. მოგეხსენებათ, მაშინ პოლიტიკის ველი იყო ძალიან პოლარიზებული, ტემპერატურა იყო მაღალი და მთავრობა და ხელისუფლება ყველა სცენარისთვის უნდა მომზადებულიყო.

16 თებერვალს, როდესაც გუნდში მსჯელობა მიდიოდა, მაშინ არანაირი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით ეს როგორ მოხდებოდა, რა ფორმით და სად, არ იყო მიღებული. მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ვაკვირდებით სიტუაცია როგორ ვითარდება. ჩემი პოზიცია იყო ასეთი: ჩვენ თუ გვინდა სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად, სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მაშინ მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თმიდან ერთი ღერი თმა არ უნდა ჩამოვარდეს…

ახლა გეტყვით, როგორ შევცვალე პოზიცია, მე ვყვები იმას, რაც მე მეხება. არ დავასახელებ არცერთ სახელს, მაგიდის ირგვლივ ვინ იჯდა. იქ ისხდნენ ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს პოზიციას. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ საერთოდ ამის განხილვა როგორ შეიძლებოდა, ოპოზიციური პარტიის ოფისში ვიღაც ხულიგანი ოპოზიციონერის დასაჭერად 3 000 სპეცრაზმელით შეჭრა.

ეს ხდება 16 თებერვალს, ჩვენ ვმსჯელობთ ანუ.

17 თებერვალს, როდესაც მე ვხედავ, რომ ეს პროცესები, რომელიც მსჯელობის პროცესში იყო, იცვლება და რაღაც ზეგავლენები ხდება ამ ადამიანზე და რაღაც უხილავი ხელები მოქმედებენ. მე მოვითხოვე ამ ხუთსაათიანი შეხვდერის მოწვევა, სადაც უკვე იძულებული ვიყავი დამეფიქსირებინა ის პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე.

ეს რაც შეეხება 17 რიცხვს. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს ჩემთვის პარტიის ოფისში შეჭრა აბსოლუტურად მიუღებელია და რატომ. მე ხომ მქონდა არგუმენტები?

არგუმენტები იყო შემდეგი. შენობა იყო გადატენილი ადამიანებით, იქ თავმოყრილი იყო მთელი სხვადასხვა პოლიპარტიების ლიდერები და პირდაპირ იყო განწყობა, რომ ნიკა მელიას დათმობას ფიზიკური ძალადობის გარეშე არავინ აპირებდა. ეს იყო პირდაპირი მოწოდებები, მე არ ვამბობ იმ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც მე მქონდა…

ახლა იქ თურმე ვიღაცებს სხვა ინფორმაცია ჰქონდათ კიევიდან და თურმე მე მიმალავდნენ. სასაცილოა… მივალ მაქამდეც. ეს არის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც არ იმალება. გარდა ტელეარხებისა, იქ იყო 650 ადამიანი მინიმუმ, ბრძოლისთვის გამზადებული… რომ გადავახვიოთ,  ამას ყველაფერს ვნახავთ.

გიორგი გახარიას განმარტებით, მეორე მომენტიც იყო: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგები იყო, როდესაც შენ პოლიტიკური პარტიის ოფისში შედიხარ სპეცრაზმით იმისთვის, რომ დააკავო პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ეს ვერ იქნებოდა მიღებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ ნორმალურად.

გადავწყვიტეთ, რომ პროცესს დავკვირვებოდით. მე იმ ღამეს სამსახურიდან არ წავსულვარ. დილამდე ვიჯექი იქ. როდესაც ვნახე, რომ პროცესი გასაკვირად იმართებოდა, დავაფიქსირე, რომ მე როგორც აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ლიდერი, ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვაძლევ განკარგულებას შს სამინისტროს, რომ ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალური ღონისძიების ჩასატარებლად გააჩეროს.

შესაბამისად, მას შემდგომ, რაც მე უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ჩემი პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებაში პარტიიდან ვიღაცა ადამიანი, რომელიც  ვერასოდეს ვერ გაბედავდა, რაღაცა ინსტრუმენტებით ერეოდა და პირდაპირი კომუნიკაცია ან რაღაც ინსტრუმენტებით ჰქონდა შს სამინისტროსთან, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო! გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, იყო უზარმაზარი რისკის შემცველი იმ ადამიანების სიცოცხლისთვის, ვინც იქ იდგა პოლიციელებისთვის მათ შორის…” – განაცხადა გიორგი გახარიამ.