პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

ივნისი 8, 13:23
0
55

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 ივნისს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, გადაჭრილი სანადირო თოფის – ე.წ. აბრეზის მუქარით ოპერატორს 135 ლარი გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.