პოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი

ივნისი 6, 11:39
0
59

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ხოლო 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. – თბილისში, ხოლო მ.ც. ოზურგეთში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.