პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

ივნისი 11, 16:57
0
58

პარლამენტმა 80-ხმით, 27-წინააღმდეგი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო.საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა მეორე მოსმენით გაიმართა.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში” ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

პროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.