”პალიკო”, “მუხო”, “ჯამა”… – ვინ არიან “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებულები

ივლისი 20, 12:25
0
302

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა.

ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. დაკავებული, სადავო საკითხის მოსაგვარებლად “ქურდული სამყაროს” წევრებს დაუკავშირდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი “ქურდული შეხვედრების” ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.