ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარმა ბავშვებმა დაწესებულებიდან გამოყვანის მიზეზად ქალაქთან ახლოს გადმოსვლის სურვილი დაასახელეს – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსი

ივნისი 4, 16:22
0
107

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფროსის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ბავშვებმა, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები იყვნენ და რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის ფორმის შეცვლა სურდათ, ამის მიზეზად ქალაქთან ახლოს გადასვლის სურვილი დაასახელეს.

„მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს საშუალება მიეცა, შესულიყო დაწესებულებაში, მან გამოავლინა 6 ბავშვი, რომელთაც სახელმწიფოს ზრუნვის ფორმის გამოცვლა უნდოდათ. ეს 6 ბავშვი უკვე გამოყვანილია დაწესებულებიდან და კიდევ გრძელდება დამატებით, 10 ბავშვთან მუშაობა. ამავდროულად, მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც. ბავშვებმა დაწესებულებიდან გამოყვანის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ ქალაქთან ახლოს სურდათ გადასვლა და სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ სხვაგან. ნამდვილად იყო პანსიონში შესვლის პრობლემა, რომელსაც პანსიონი პანდემიით ხსნიდა. ჩვენს სოციალურ მუშაკს მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კავშირი. ბავშვებს აქვთ ტელეფონები. ჩვენ გვაქვს რეაგირების ძალიან მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც ვიცავთ და რომელსაც მომავალშიც აუცილებად დავიცავთ. როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება რაიმე ტიპის ძალადობის ან ეჭვის შესახებ, ძალიან მკაფიოდაა გაწერილი ყველა იმ უწყების ვალდებულება, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადებები ბავშვების მხრიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ამ წუთებშიც მუშაობენ მათთან. უბრალოდ, არ მინდა, რომ ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს“, – აცხადებს მერი მაღლაფერიძე.

რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.

ცოტა ხნის წინ, პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ადგილზე არიან სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა.