ნინოწმინდის პანსიონიდან უკვე 15 ბავშვი გაიყვანეს – სად გადაჰყავთ მოზარდები

ივნისი 6, 20:59
0
196

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების საფუძველზე, ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონიდან 15 ბავშვი გაიყვანეს. ბენეფიციარების ნაწილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ნაწილი კი ოჯახებმა წაიყვანა.

პარალელურად,საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პანსიონში მცხოვრები ბავშვების დაკითხვა მიმდინარეობს.

პანსიონიდან ბავშვების გაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავშეშაფრის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სპეციალური სია და უკვე ცნობილია, რომელი ბავშვები დატოვებენ ტერიტორიას.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში თავის ანგარიშებში აღნიშნულ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე საუბრობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის, გამოძიება, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.