ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს – ალუდა ღუდუშაური

ივნისი 4, 11:28
0
57

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებთან დაკავშირებით არც ერთი კითხვის ნიშანი პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„არ არსებობს არანაირი დაწესებულება და უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს დატოვებს ღიად. ეს გამორიცხულია. ამ საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი არამც და არამც ხელს არ უწყობს. მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება.

რეაქცია აუცილებელია, თუმცა ჩვენ შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად ბავშვების უფლებები იყოს დაცული და ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ზედმეტ აჟიოტაჟსა და დრამატიზებაზე, ეს საზოგადოებაში აჩენს მომეტებული შფოთვის საფუძვლებს. ჯერ სიტუაციაში უნდა გავერკვეთ, რეალურად რა ხდება და ამის შემდეგ მივიდეთ კონრეტულ შედეგებამდე.

როდესაც ხელისუფლების რეაგირებაზეა საუბარი, პროკურატურას როგორც ჩანს, ჰქონდა რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაწყებული და ვიხილეთ მათ შორის შსს-ის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველისთვის თუ იყო ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, სამი-ოთხი წლის განმავლობაში კი არა, ერთი დღის დაგვიანებაც ძალიან ცუდია და კითხვის ნიშნებს აჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპისთვის ვერ იქნა შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები, რათა კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილიყო“, – განაცხადა ღუდუშაურმა.