NATO-ს სამიტის კომუნიკეში იქნება ძლიერი გზავნილები, თუ რამდენად ღირებულია ალიანსისთვის საქართველოსთან პარტნიორობა – ჯეიმს აპატურაი

ივნისი 4, 21:57
0
55

NATO-ს სამიტის კომუნიკეში იქნება ძლიერი გზავნილები, თუ რამდენად ღირებულია ალიანსისთვის საქართველოსთან პარტნიორობა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-s გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაიას განცხადებით, ალიანსი გეგმავს გააკეთოს უფრო მეტი საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად შავი ზღვის რეგიონში.

„NATO-ს სამიტი მიიღებს კომუნიკეს, რომელშიც იქნება ალიანსის წევრების ძალიან ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ის, რომ NATO ფართოვდება და ახალი სახელმწიფოები უერთდებიან გაერთიანებას, ბოლო წლებში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. NATO-ს წევრი ქვეყნების რიცხვი იზრდება და ეს სიმართლეა. NATO-ს შეუერთდნენ სახელმწიფოები იმის მიუხედავად, რომ ეს არათუ არ მოსწონდა რუსეთის ფედერაციას, არამედ მათ გაწევრიანებას მოსკოვი დესტაბილიზაციის შესაქმნელად გარკვეული ქმედებებით ეწინააღმდეგებოდა. სამიტს ექნება ძლიერი გზავნილები ამ მიმართულებით. კომუნიკეში იქნება სპეციფიკურად  ძლიერი გზავნილები საქართველოზე, თუ რამდენად დიდ პატივს ვცემთ და ღირებულია ალიანსისთვის საქართველოსთან პარტნიორობა. კომუნიკეს საშუალებით NATO-ს ქვეყნები დააფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თქვენ ნახავთ დეკლარაციაში რამდენიმე ძლიერ გზავნილს შავი ზღვის რეგიონზე ფართო კონტექსტშიც და კონკრეტულადაც, რომ NATO მოწადინებულია და მუშაობს შავ ზღვაზე წევრი ქვეყნების, მათთან ერთად NATO-ს ღირებული პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გეგმავს გააკეთოს უფრო მეტი საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად შავი ზღვის რეგიონში. კომუნიკეში ნახავთ რამდენიმე ელემენტს, თუ რა მიმართულებებით ვითანამშრომლებთ ერთად უფრო მეტად, ანუ რას ნიშნავს დემოკრატიებთან გაძლიერებული თანამშრომლობა ღირებულებების და იმ სისტემების დასაცავად, რასაც ორგანიზაცია ეფუძნება. ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი“, – განაცხადა აპატურაიმ.