Nasa-ს Perseverance-ი მარსის ქანებიდან პირველი ნიმუშის ასაღებად ემზადება

ივლისი 22, 12:04
0
30

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს Perseverance (“შეუპოვრობა”) Rover-ი მარსის ქანებიდან პირველი ნიმუშის ასაღებად ემზადება.

ქანის ბირთვი დალუქულ მილში შეიფუთება და დედამიწაზე გამოიგზავნება. მეცნიერების თქმით, თანამედროვე ლაბორატორიებში მარსის ზედაპირის მასალების შესასწავლად და, შესაბამისად, მარსზე სიცოცხლის არსებობის დასადგენად მათ საუკეთესო შანსი ეძლევათ.

Perseverance-ი წითელ პლანეტაზე, 45 კმ სიგანის აუზში (ეზეროს კრატერში), თებერვალში დაეშვა. მეცნიერები თვლიან, რომ დამშრალი დელტათი და ქვა-ღორღიანი ველებით შემოსაზღვრულ კრატერზე უძველესი მიკრობული ორგანიზმების (თუ ისინი ოდესმე არსებობდნენ) შენარჩუნების დიდი ალბათობაა.

Nasa-ს რობოტი ამჟამად გაჩერებულია ე.წ. Paver Stones ლოკაციასთან – მკრთალი ფერის კლდეებთან, რომლებიც, როგორც მისიის ჯგუფს მიაჩნია, ეზეროს ფუძეს წარმოადგენს. მეცნიერებს სურთ დაადგინონ, Paver Stones-ის შემადგენლობა – დანალექია თუ ვულკანური წარმოშობის. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარის, კენ ფარლეის თქმით, ვულკანური ქანების განსაკუთრებული ხარისხით შესაძლებელია ლაბორატორიაში მათი ძალიან მაღალი სიზუსტით დათარიღება.

„მაქვს მოლოდინი, რომ ეზეროს კრატერის უძველეს ზონაში ქანების წარმოშობის ამსახველ ოთხ უნიკალურ ნიმუშს მივაკვლევთ,“ – თქვა მეცნიერმა.

Nasa-ს როვერს მისიის შესრულებაში დაზვერვითი სამუშაო დაეხმარება, რომელიც მარსზე მინი-ვერტმფრენის საშუალებით ჩატარდა. მინი-ვერტმფრენი, სახელწოდებით Ingenuity, რელიეფის გამოსაკვლევად წითელ პლანეტაზე Perseverance-ზე წინ გაფრინდა.

”Ingenuity-მა ახლახანს დაასრულა რიგით მეცხრე ფრენა. მან ყველა ჩვენი რეკორდი მოხსნა. ფრენის ხანგრძლივობა 2 წუთი და 46 წამი, ხოლო სიჩქარე 5 მ/წმ იყო; ჩვენ გავაორმაგეთ მანძილი – Ingenuity-მა დაახლოებით 625 მ გაიარა”, – თქვა Nasa-ს პროექტის მენეჯერმა, ჯენიფერ ტროსპერმა.