„ნაცმოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია? – ყელში ამომივიდა – ირაკლი ქადაგიშვილი ხატია დეკანოიძეს

ივლისი 22, 12:56
0
787

„ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია? – ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე.

ქადაგიშვილის ამ რეპლიკას წინ დეკანოიძესა და უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს შორის შელაპარაკება უძღოდა. შელაპარაკება პარლამენტში რამდენიმე დღის წინ პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარ ინცინდენტს ეხებოდა.

„მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ. ყელში ამომივიდა“, – მიმართა ქადაგიშვილმა დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.