”ნაციონალური მოძრაობა” დღეს პარლამენტში შედის

ივნისი 7, 10:38
0
116

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მიდიან. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც 32 დეპუტატი შევა, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე იქნებიან. პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამნისტიის გარდა ისინი ყველა კანონპროექტზე აქტიურად აპირებენ საკანონმდებლო მუშაობას.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მოძრაობა “წინსვლა” “სირცხვილის კორიდორის” სახით პერფორმანს მოუწყობს.

კომიტეტის სხდომა დღეს შედგება და დეპუტატები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდა, იმსჯელებენ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა” და “ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე.

“მიშელის რეფორმების ჯგუფში” ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის” სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. “ევროპელი სოციალისტების” 4-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი კი ფრიდონ ინჯია იქნება.