„მწვანე ქვეყნების“ სიაში კვლავ შეგვიძლია მოხვედრა” – მარიამ ქვრივიშვილი

ივლისი 19, 21:50
0
74

ქვეყნების სია ორ კვირაში ერთხელ ახლდება და ერთიანი ძალისხმევით, ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეგვიძლია მოხვედრა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთად სწორედ ე.წ. წითელი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნები განახლებადია ორ კვირაში ერთხელ, ეს კი ნიშნავს, რომ ერთიანი ძალისხმევით შეგვიძლია გადავიდეთ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, რაც დამოკიდებულია ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის ტემპზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ისრაელს, მინისტრის მოადგილის თქმით, ისრაელი ქვეყნების ამა თუ იმ სიაში შეყვანას, დადებითობის მაჩვენებლით წყვეტს და თუ რომელიმე ქვეყანაში რიცხვი 3%-ს გადაცდება, ის წითელ სიაში შეჰყავს.

„ჩვენ უკიდურესი ყურადღებით ვექცეოდით ისრაელიდან ოპერირებად ავიაკომპანიებს, პირადად მეც ჩართული ვარ ყოველი დღის განმავლობაში. იმასაც ვიტყვი, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან ხელშესახები მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ მალე გვეხილა პირველი ავიარეისი ქუთაისის აეროპორტიდან. დინამიკა იყო ძალიან კარგი. ისრაელი ძალიან ხისტად რეაგირებს იმ ახალ შტამებზე, რაც მის ქვეყანაში დაავადების გავრცელებას უკავშირდება და საკმაოდ სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას გახსნა-ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვცდილობდით, რომ ადაპტირება მოგვეხდინა. ჩვენ ვაკვირდებით კერძო სექტორთან ერთად იმ ახალ რეალობას, რომელიც დადგა. იმ ძალისხმევით და ვაქცინაციით, რომელიც გვაქვს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაქცინაციის გააქტიურება მოხდეს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.