„მოვითხოვთ გადადგეს ნინო ლომჯარია“ – ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის სოლიდარობის აქციაზე მივიდა

ივნისი 7, 16:44
0
956

მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც მოქალაქეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებული მოვლენების გამო მეუფე სპირიდონს სოლიდარობას უცხადებენ.

ლევან ვასაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა.

„გადადგეს ნინო ლომჯარია. მოვითხოვთ, ის სახალხო დამცველი, რომელიც არჩეული იქნება მის ადგილას, გამოხატავდეს პატივისცემას და მორჩილებას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გააუქმოს სექსუალური უმცირესობების მიერ დაანონსებული „ღისრების მარში“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ის რაც მედიით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება და ასეთი მიდგომა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ლიბერალური პოლიტიკის მატარებელი ადამიანები, ქართულ ტრადიციებსა და იდენტობას ებრძვიან, რასაც არ შეეგუებიან.