მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

სექტემბერი 10, 13:01
0
2392

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ის ბრწყინვალე რეფორმატორია.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, უნდა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა და დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, მაქვს ამის თქმის უფლება. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივა სათავეში, ვინაიდან, მოგეხსენებათ ვარ პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღევანდელი დღე ჩემს პარტიას არ ეძღვნება.

თქვენ მომსწრენი ხდებით, ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელი სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად.

ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ რეფორმირებული ნორმალური სამართლებრივი სისტემა.

მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც მას არასწორად ჩამოერთვა და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო, როდესაც დევნი ადამიანს, შემდეგ ამის ჩამორთმევა უარის თქმად კი არ ითვლება, ნიშნავს რომ შენ დევნი.

ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა, ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზედაც მთელი დასავლეთი საუბრობს.

არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც თავად არ მომწონდა როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. გამართული მართლმსაჯულების ქვეშ ყველა ნიჭიერი ქართველი გამოსაყენებელია“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

Cesko