მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა – ანა ბუჩუკური

ივნისი 8, 13:51
0
51

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ მყისიერი რეაგირება და სწორედ ამის გამო,  მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ტელეეთერის მეშვეობით ყველამ ნახა მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის უმძიმესი ბრალდება, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით, ასევე რაც უფრო მძიმე და მთავარია, მოქმედი პოლიციელების და მოქმედი ჯარისკაცების მისამართით.

„ბატონი ირაკლის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რაში თანამონაწილეობაშიც პრაქტიკულად ბრალი დასდო როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე მოქმედ პოლიციელებსა და მოქმედ ჯარისკაცებს. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვითხოვეთ მყისიერად რეაგირების დაწყება, კერძოდ გამოძიების დაწყება და ამის გამო, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა. გუშინ მოვისმინეთ, თითქოს კობახიძის მიერ ტელეეთერში გასული განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ იყო თურმე პოლიტიკური განცხადებები. ცოტა კომიკურია, მაგრამ ფაქტობრივად მმართველმა გუნდმა, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო აკადემიურად რომ ვთქვათ, ცილისწამება. გუშინ ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად წერილობითი განცხადებით მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უკვე წერილობით მოვითხოვეთ მყისიერად გამოძიების დაწყება ამ ძალიან მძიმე ბრალდებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული დღე დაგვიანებული და პასუხგაუცემელი, აზიანებს ჩვენს პოლიციას და აზიანებს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.