მეტანია დასჯა არაა, იმაზე უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ჰქონდათ – მეუფე ნიკოლოზი ​პანსიონზე

ივნისი 2, 15:47
0
274

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებს იმაზე უკეთესი პირობები აქვთ შექმნილი, ვიდრე მანამდე ჰქონდათ.

“იქ ქრისტიანული სასწავლებელია, ანუ პანსიონი, ბავშვთა თავშესაფარი, სადაც არიან ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვები. წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა”, – განაცხადა მეუფემ TV პირველის ეთერში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარებს დასჯის მიზნით პანსიონში მეტანიებს აკეთებინებენ, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ეს დასჯა არ არის.

“მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია ოდესმე? რომ არ გაგიკეთებიათ იმიტომ ამბობთ ასე, მეტანია როგორ შეიძლება დასჯის მეთოდი იყოს თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ მცირეწლოვანი ასაკიდან ვაჩვევთ იმას, რომ როგორ იცხოვროს ქრისტიანულად. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს კაცო ? მეტანია ლოცვის ატრიბუტია…”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.