მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის შესასწავლად, შესაძლოა, საქართველოში AstraZeneca-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

მარტი 22, 19:47
0
118

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საკითხის შესასწავლად საქართველოში, AstraZeneca-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რათა მომხდარის მიზეზები გარკვეული იყოს.

“ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება AstraZeneca-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირველად მიდის მოკლე “რეპორტი”, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,”იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.