მეცნიერები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას საჭიროდ არ თვლიან

სექტემბერი 15, 11:37
0
100

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის განცხადებით, არსებული ვაქცინები მძიმე დაავადებების თავიდან ასაცილებლად ეფექტურია, მათი მარაგი კი უკეთესად უნდა იყოს გამოყენებული არავაქცინირებული მოსახლეობის ინოკულაციისთვის.

მეცნიერები, “პანდემიის ამ ეტაპზე”, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზებით მოსახლეობის ფართო ფენების უზრუნველყოფას არ ეთანხმებიან; სანაცვლოდ ამტკიცებენ, რომ უმჯობესია, ვაქცინების არსებული მარაგის გამოყენება პირველი დოზის უზრუნველსაყოფად.

ექსპერტების თქმით, მიმდინარე კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინებმა საკმარისად კარგად იმოქმედა COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარებისა და დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ასევე გაცილებით გადამდები „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

“არსებული მტკიცებულების მიხედვით, ე.წ. ბუსტერ დოზებით მოსახლეობის მომარაგება  საჭირო არ არის, რადგან დაავადების მძიმე ფორმით განვითარების წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა კვლავ მაღალია”, – ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერები, ასევე არ ეთანხმებიან არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი გლობალური ზრდის შემდეგ, მოსახლეობაში იმუნიტეტი შესუსტდა. ”ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ნაწილის საკმაოდ მაღალი დონის ჩართულობის ფონზეც კი, კორონავირუსის გავრცელების ძირითადი ფაქტორები ისევ  არავაქცინირებული ადამიანები არიან,“ – წერენ მეცნიერები.

“საერთო ჯამში, მიმდინარე კვლევები არ იძლევა სარწმუნო მტკიცებულებას, მნიშვნელოვნად მცირდება თუ არა მოსახლეობის დაცვა მძიმე დაავადებებისგან, ვაქცინაციის უპირველესი მიზანი კი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებაა”, – თქვა ჯანმო-ს წარმომადგენელმა, ანა-მარია ჰენაო-რესტრეპომ.

ექსპერტების აზრით, ვაქცინის მესამე დოზის მომარაგების ნაცვლად, მთავრობებმა უნდა სცადონ “ვარიანტებზე დაფუძნებული გამაძლიერებლების შესწავლა, სანამ მათი ფართო გამოყენების საჭიროება არ იქნება”. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება შეიძლება ხელსაყრელი იყოს სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის ან მათი გამოყენება იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ COVID-19-ის მოსალოდნელი უფრო მძიმე ვარიანტებისგან ვაქცინები ვეღარ დაიცავს ადამიანებს.

Cesko