„მე კი არა, თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ სწყალობთ“ – ნიკა მელია ტელეკომპანია იმედს

ივნისი 8, 19:44
0
383

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ მიერ პლენარული სხდომის დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დუქანია.

„სადამდე დაიმალებიან! ხვალ იქნება, ხვალაც ხომ არ გადადებენ სხდომას? თუ ხვალაც არ გადადეს და ენით აღუწერელი პრეტენდენტი კვლავ არ გაიმეორეს, რომელიც დაუშვეს დღეს, ხვალ მომეცემა შესაძლებლობა? ხვალ მოვალ. ხვალაც თუ გადადეს, ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ იქნება – მაზეგ, მაზეგ თუ არა – იმის მერე.

დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ამნისტიის კანონპროექტისა და საარჩევნო კანონპროექტის, ორივეჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს.

ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, ამ პარლამენტს არ ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე და არც სუვერენული, ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან, რა ხდება სახელმწიფოში.

უბრალოდ, ისინი თავიანთ თავს უტყდებიან მაშინ, როდესაც რჩებიან საკუთარ თავთან ან ვიწრო წრეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ხალხი, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან.

მე ვიცი როგორ მელოდებით ტელეკომოპანია იმედში პირდაპირ ეთერში. ხომ უამრავი კითხვა გაქვთ? დღეს, ხვალ, მაზეგ, მე ვარ მზად მოვიდე და პირდაპირ ეთერში თქვენს ტელეკომპანიას მივცე ინტერვიუ, მაგრამ მე კი არა, თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ წყალობთ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.