კონგრესმენთა ვიზიტი ხაზს გაუსვამს, რომ საქართველო აშშ-ს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია – ალუდა ღუდუშაური

ივნისი 2, 11:42
0
76

საქართველოში კონგრესმენების ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი პირდაპირი გზავნილია ოკუპანტის მისამართით, რომ ამერიკა კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

„საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კონტაქტშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ ნაბიჯით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება, რომ საქართველოს გზა არის ურყევი და ეს ევროატლანტიკურ სივრცეში, სტრუქტურებში საბოლოოდ ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანებაა. იმ დიდ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც ევროპული ოჯახი ჰქვია. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა ეწვევა ჩვენს ქვეყანას, ეს პირდაპირი გზავნილია ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის მისამართით, რომ ამერიკა კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამასთან, როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში იმსჯელებენ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხებზეც.

„ხაზი გაესმება და მსჯელობა იქნება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე. მათთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ნაბიჯები. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ადგილზე თვითონ დაინახავენ იმ მდგომარეობას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ეს არის დესტრუქცია და ქვეყნის განვითარებაზე არაორიენტირებული ნაბიჯები. იმ ინსტიტუციებზე შეტევა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა გააძლიეროს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად გაიფორმა მდგომარეობა, რომ ის არის ერთადერთი პირდაპირი დასაყრდენი რუსეთის ფედერაციისთვის“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.