კიბოთი დაავადებული პაციენტების უმეტესობამ ვაქცინის მესამე დოზა არ უნდა მიიღოს – ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო

ივლისი 19, 15:43
0
64

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის პროვაიდერებსა და კლინიკებს აფრთხილებს, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტების უმეტესობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა არ შეუყვანონ.

გასულ კვირას, ისრაელმა ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა დაიწყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ონკოლოგიური პაციენტების დაახლოებით 90%, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან და ქიმიოთერაპიას გადიან, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებს მაღალ დონეზე ინარჩუნებს და, ამრიგად, გამაძლიერებელი დოზის საჭიროება არ არსებობს.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინამ შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს ზოგიერთ პაციენტში, მათ შორის ლიმფური კვანძების გადიდება ან ღვიძლის დისფუნქცია და, შესაბამისად, ამ დროისთვის რეკომენდაციაა, რომ კიბოთი დაავადებულთათვის ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა არ მოხდეს.

ამასთანავე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰემატოლოგიური სიმსივნით დაავადებული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა შეიძლება. გამაძლიერებელი დოზის მიღების შესახებ ყველა გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება.