კახა კალაძე – არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებული

სექტემბერი 11, 15:59
0
74

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი სატელევიზიო არხის – „მთავარის“, „ფორმულას“, „კავკასიის“ და „ტვ პირველის“ საერთო ეთერში, დებატებში მონაწილეობის შეთავაზებაზე.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ოთხი სატელევიზიო არხის დებატებში გიორგი გახარიას, ნიკა მელიას და თავად კახა კალაძის მონაწილეობას ეხებოდა.

„არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზად არის თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან დებატებისთვის ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, თითქოს მას ეშინია, კალაძემ უპასუხა: „კი, აი, შიშით ფეხი მიკანკალებს, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს. მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ იყვნენ წარმოდგენილი“.

რაც შეეხება კონკრეტულად მის ოპონენტებს – გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას, კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან თბილისის მერობის სხვა კანდიდატებისგან.

„პირადად ჩემთვის, არაფრით არ განსხვავდებიან ესენი სხვებისგან, არც რეიტინგებით და არაფრით, არც თავიანთი წარსულით, არც აწმყოთი და არც მომავლით“, – განაცხადა კალაძემ.

Cesko