ისრაელი ახალგაზრდა მამაკაცებში გულის კუნთის ანთების გამომწვევ მიზეზს Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირებს

ივნისი 4, 15:29
0
308

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გულის კუნთის ანთების მცირე რაოდენობის შემთხვევები აღმოაჩინეს, ძირითადად, ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც ისრაელში Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

ისრაელში, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე 5 მილიონზე მეტ ვაქცინირებულ ადამიანს შორის მიოკარდიტის 275 შემთხვევა დაფიქსირდა. მიოკარდიტის ტიპური სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, ცხელება და გულმკერდის არეში ტკივილი.

ისრაელის ექსპერტთა სამი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პაციენტების უმეტესობამ, რომლებმაც გულის კუნთის ანთება გადაიტანეს, საავადმყოფოში, არა უმეტეს, ოთხი დღე გაატარეს, ხოლო შემთხვევათა 95% მსუბუქად შეფასდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ”16-დან 30 წლამდე ასაკის (ძირითადად, 16-19 წლის) მამაკაცებში, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებასა და მიოკარდიტის სიმპტომების გამოვლენას შორის სავარაუდო კავშირი არსებობს.“

კომპანია Pfizer-მა აღნიშნა, რომ მოსახლეობაში მიოკარდიტის მოსალოდნელი შემთხვევები არ აღმოუჩენიათ.

Pfizer-ის განცხადებით, კომპანია ინფორმირებულია ისრაელის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ და აღნიშნა, რომ გულის დაავადების გამოვლინებასა და მისი ვაქცინის მიღებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. „როგორც წესი, გვერდითი მოვლენები საფუძვლიანად განიხილება, ხოლო, მონაცემების შემოწმების მიზნით, Pfizer-ის წარმომადგენლობა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინის უსაფრთხოების დეპარტამენტს რეგულარულად ხვდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა, ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის დასრულებამდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია შეაჩერა. ამ დასკვნების გამოქვეყნების პარალელურად კი, სამინისტროს კომიტეტმა მოზარდების ვაქცინაცია დაამტკიცა.

”კომიტეტმა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას მწვანე შუქი აუნთო და ეს შემდეგი კვირიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინის ეფექტურობა რისკს აღემატება”, – განუცხადა რადიო 103 FM-ს ისრაელის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა, ნაჩმან ეშმამ.

გასულ თვეში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია მიოკარდიტის გამოვლინებასა და mRNA-ს ვაქცინებს (რომელიც მოიცავს Pfizer-ისა და Moderna Inc.-სგან მიღებულ ვაქცინებს) შორის შესაძლო კავშირის შემდგომ შესწავლას.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონიტორინგის სისტემებმა ვერ აღმოაჩინეს მოსახლეობაში უფრო მეტი მსგავსი შემთხვევა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ საკონსულტაციო ჯგუფის თქმით, წევრები თვლიან, რომ ჯანდაცვის პროვაიდერები ინფორმირებული უნდა იყვნენ „პოტენციური არასასურველი მოვლენის“ შესახებ.

ისრაელი, ვაქცინაციის კუთხით, მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა. მოსახლეობის 55% უკვე ვაქცინირებულია. დღიური მაჩვენებლით, COVID-19 ინფექციით დაავადებულთა უმნიშვნელო რაოდენობა ფიქსირდება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 340 აქტიური შემთხვევაა. სრულად გაიხსნა ეკონომიკა, თუმცა შემომავალ ტურიზმთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

1 ივნისიდან გაუქმდა სოციალური დისტანცირების შეზღუდვები, ხოლო გარკვეულ რესტორნებსა და შეხვედრის ადგილებში სპეციალური ციფრული მწვანე საშვების წარდგენა საჭირო არ არის.