ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს? – ნათია ფანჯიკიძე ნინოწმინდის პანსიონზე

ივნისი 5, 15:35
0
176

ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს? – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ნათია ფანჯიკიძეს აინტერესებს რატომ არ სთხოვენ ჟურნალისტები კომენტარს განათლების, ჯანდაცვის და სხვა მინისტრებს, რომელთა უწყებებსაც ეხება საქმის კურსში ყოფნა და სტანდარტის კონტროლი. როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, თავად აღმზრდელებიც ძალადობრივი გარემოდან არიან და ძალადობა ნორმადაც კი მიაჩნიათ.

“ჩემი გასაჭირი მადგას და კარგად ვერ ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც ბავშვთა სახლის შესახებ ხდება, მაგრამ რაც მოვახერხე და რასაც აღვიქვამ, კითხვა მაქვს ასეთი, – ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს? დავუშვათ, ვინმე ერთი (სპირიდონი ერქმევა თუ პეტრე, მნიშვნელობა არა აქვს), არის ბაყბაყ-დევი, მხოლოდ მასზე წყდება ამხელა საბიუჯეტო ინსტიტუციის მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც წლებია არსებობს თურმე და საკმაოდ დიდი ბიუჯეტიც აქვს გადამხდელების ფულიდან? აი ასე, ერთმა კაცმა, როგორც უნდოდა ისე მოაწყო პანსიონი და სხვა პასუხისმგებელი ადამიანები არ არსებობენ, მითუმეტეს, როცა ეს კერძო, ან მიწისქვეშა, არაოფიციალური დაწესებულება არ არის? რატომ არ სთხოვენ კომენტარს ჟურნალისტები განათლების, ჯანდაცვის და სხვა მინისტრებს, რომელთა უწყებებსაც ეხება თავ-თავიანთი მიმართულებით საქმის კურსში ყოფნა და სტანდარტის კონტროლი? კოორდინატორები არ არსებობდნენ ამ უწყებებიდან? თუ არა, რატომ? უპირველესად მათი მოხსენება და ანგარიში მაინტერესებს და მხოლოდ შემდეგ კონკრეტული აღმზრდელების, რომლებიც დიდი ალბათობით, თავადაც ძალადობრივი გარემოდან არიან და ნორმადაც კი მიაჩნიათ ძალადობა. ან ტრეინინგი არ უტარდებოდათ, ან როგორი იყო მათი არჩევის წესი და კრიტერიუმი. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ გასაცემი პასუხი მთავარ პასუხისმგებელ პირებს. “სახალხო დამცველს არ უშვებდნენ” პასუხი არ არის. ბიუჯეტიდან ჩარიცხვა უნდა შეწყდეს, თუ მიზნობრივი ხარჯვა ვერ კონტროლდება, ხომ?” – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.