ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს

ივნისი 18, 16:36
0
95

გაირკვევა, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაული ტიპიური იყო. ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს.

„ყველა სახის მონტაჟი და კონპილაცია, რაც კი შეიძლება შესრულდეს, ამ ჩანაწერში გამოიყენეს, რათა დაინტერესებულ მხარეს შეექმნა ის სასურველი სურათი, რაც იყო მიწოდებული მაყურებლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია და ჩანაწერში ყველაფერი იყო ტყუილი. გაირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით. წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაულები ტიპიური იყო. მოდელირებული ქრონიკები გახსოვთ, რაც მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს, რაც ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველას მხრიდან. ალბათ სახალხო დამცველმაც ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გამოთქვას, შეიძლება თუ არა, ასეთი სახის გადაცემები იყოს, რომელიც არის ერთი დიდი გაყალბება და ფეიკნიუსი. ალბათ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს ის დრო, როცა კულტურა დამკვიდრდეს და ასეთი მასშტაბის და გაყალბების ფეიკნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ტელეფონებზე მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რედაქტირების შემდეგ მიღებულია შეცვლილი შინაარსის აუდიო ჩანაწერები.