ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე – ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ; ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის; სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს

სექტემბერი 15, 13:15
0
69

ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩანაწერების საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს და ახდენთ დისკრედიტაციას ეკლესიის და მღვდელმთავრების. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა.

ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის, იმიტომ, რომ იციან რა, ისინი მარცხდებიან, თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში. ერთის მხრივ, ვუყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ, რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ არჩევნების კამპანიაში, იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს, ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს.

მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Cesko