ინდოეთში „შავი სოკოს” დაავადებას 4300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 21, 16:40
0
43

ინდოეთში „შავი სოკოს” დაავადებით 4300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; მზარდი ეპიდემიის პირობებში, დაავადება, ძირითადად, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ.  ყველაზე მეტად დაზარალებული შტატებია მაჰარაშტრა და გუჯარატი, სადაც მუკორმიკოზის შედეგად, 1785 ადამიანი გარდაიცვალა.

„ინდოეთში მუკორმიკოზის სახელწოდებით ცნობილი ამ იშვიათი და საშიში ინფექციის 45 374 შემთხვევაა დაფიქსირებული,“ – განაცხადა ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მანსუხ მანდავიამ.

„შავი სოკოს“ სიმპტომებია ცხვირიდან სისხლდენა და გაძნელებული სუნთქვა, თვალებისა და ტვინის შეშუპება, ქუთოთოების ჩამოწევა, მხედველობის დაბინდვა, შავი ლაქები ცხვირის გარშემო. დაავადება, ჩვეულებრივ, თავს იჩენს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში, 12-18 დღის შემდეგ. „შავი სოკო“ განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით დაავადებულთათვისაც. მომაკვდინებელი დაავადებით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ მკურნალობს.

ექიმების თქმით, დაავადებასთან საბრძოლველად ერთადერთი პრეპარატი სოკოს საწინააღმდეგო ინექციაა.