ილონ მასკს ჰაკერები დაუპირისპირდნენ

ივნისი 6, 18:25
0
74

ჰაკერების დაჯგუფებამ Anonymous ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლის ადრესატიც Tesla-სა და SpaceX -ის დამფუძნებელი, ილონ მასკია.

ვიდეოში ადამიანი გაი ფოქსის ნიღბით მასკს კრიპტოვალუტების ბაზარზე გავლენის გამო აკრიტიკებს. მიმართვა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მასკმა Twitter-ზე დაწერა სიტყვა „ბიტკოინი“ და გატეხილი გულის ემოჯი დაურთო. ამის შემდეგ კრიპტოვალუტის კურსი 6%-ით დაეცა.

„მილიონობით ინვესტორს მართლაც აქვს იმედი, რომ კრიპტოვალუტისგან მიღებული მოგება მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს. რა თქმა უნდა, მათ გარისკეს, როცა ინვესტიცია განახორციელეს და ყველამ იცის, რომ კრიპტოვალუტების ვოლატილობისთვის მზად უნდა იყვნენ, მაგრამ ამ კვირის განმავლობაში თქვენმა ტვიტებმა ჩვეულებრივი მომუშავე ადამიანისადმი ცალსახა უგულებელყოფა აჩვენა“, – ნათქვამია მიმართვაში.

განცხადების ავტორი მიმართვას მასკისადმი მუქარით ასრულებს: „გგონია, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ, მაგრამ ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდი. ჩვენ Anonymous-ი ვართ. ჩვენ ლეგიონი ვართ. გველოდე“.

მასკს მიმართვაზე პასუხი პირდაპირ არ გაუცია, თუმცა New York Post-ი წერს, რომ მიმართვის გამოქვეყნებიდან 20 წუთში მის Twitter-ზე გაჩნდა ტვიტი: „არ მოკლათ ის, რაც გძულთ. შეინარჩუნეთ ის, რაც გიყვართ“.

მაისში ​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს.