გიორგი ვოლსკი: გახარიას ყველა მოქმედება, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა ინტერესს, რომელზეც „ნაცმოძრაობის“ ბანაკიდან ღიად საუბრობდნენ

ივნისი 5, 14:13
0
46

ფაქტი იყო ის, რომ სწორედ იმ ორ დღეს ითხოვდა გიორგი გახარია ოპერაციის ჩასატარებლად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა „ნაცმოძრაობამ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველამ დავინახეთ, რომ ის მიზეზი, რომ ოფისთან მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდებოდა ან მოდუნდებოდა, ნამდვილად არ დადასტურდა, პირიქით, რაოდენობა და წინააღმდეგობა გაიზარდა, გაიზარდა ისტერიკა, რომელიც უკრაინიდან მომდინარეობდა და, რასაკვირველია, ყველაფერი, ყველა მოქმედება, ყველა ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც უკვე ღიად დაიწყეს საუბარი „ნაცმოძრაობის“ ბანაკიდან, ალამუთის ციხე-სიმაგრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არსებობს, თუ ეჭვებს დამთხვევები აჩენს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „დამთხვევაც არის და დამთხვევაც“.

„როდესაც სახელმწიფოს სტაბილურობა და საზოგადოების უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში, ამას დამთხვევას ნამდვილად ვერ დავარქმევ. რაც შეეხება მეტ დამადასტურებელ ფაქტებს და გარემოებებს, ამის თაობაზე ირაკლიმ თქვა, რომ ექნება დამატებითი კომენტარები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.