„გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში“ – მამუკა ხაზარაძე

ივნისი 11, 10:56
0
114

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის წერილის გადაცემის დეტალებზე პირველად ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, წერილი მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში გადასცა.

“ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში.

კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს – იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს.

გიორგი გახარიამ, ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადასცა წერილი და ეს ყველამ იცის.

მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო რადგან ეს როლი მოირგო” ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით მუქარის წერილი მიიღო.