გამოვა თუ არა ციხიდან გიორგი მამალაძე? – რა მოლოდინი აქვს ოჯახს მეუფე ნიკოლოზის აღიარების შემდეგ

ივლისი 20, 17:06
0
512

მეუფე ნიკოლოზის სკანდალური აღიარება – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, “პირველებთან” ამბობს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

„მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა ის, რასაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიძახდით. ჩემი ძმა უდანაშაულოა და მეუფე ნიკოლოზმა ჩვენთვის ახალი და გასაკვირი არაფერი თქვა, რადგან დარწმუნებული ვართ დეკანოზის უდანაშაულობაში. რაც შეეხება, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი ძმის დაკავება, მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, ვფიქრობ, გამოძიების საკითხია, ვის ინტერესში შედიოდა დეკანოზის დაკავება.  ფაქტია, რომ პარალიზებული ადამიანი ისევ საპყრობილეშია” – აცხადებს მამალაძე.

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, წმინდა სინოდის წევრის განცხადებას პირდაპირ ლუსტრაციას უწოდებს:

„ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ საპატრიარქოში ყველა იმ პირმა, ვისაც ძალაუფლება გააჩნია, იცის სიმართლე. გუშინვე მოხდა კიდევ ერთი აღიარება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რეალურად უკანონო პატიმარია. ეს არის საფუძველი იმისა, რომ სინოდმა რეალურად იმსჯელოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე. ჩვენ, ადვოკატები, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შედგეს მათთან. ეს განცხადება მინიმუმ ამის საფუძველს იძლევა. მაქსიმუმ, იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ ამ ახალი გარემოებით – რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს მეუფე ნიკოლოზი”- აცხადებს ფანცულაია.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, „გიორგი მამალაძეს, პატრიარქის მკვლელობის მცდელობა დააბრალეს”.