ევროპაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა

ივლისი 19, 13:24
0
52

გერმანიასა და ბელგიაში გასული კვირის წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. რეკორდულად ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ქალაქი და დაკარგულად გამოცხადა ათასობით ადამიანი.

დაზარალებულ ქვეყნებს შორის, გერმანიასა და ბელგიასთან ერთად, არის ავსტრია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც.

BBC-ის ცნობით ავსტრიაში, ზალცბურგის რეგიონში დატბორილი ქუჩებიდან და სახლებიდან სამაშველო ბრიგადებმა ადამიანების გამოყვანა შეძლეს. ზემო ბავარიის რეგიონში დაიტბორა გზები და სარდაფები, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიის რამდენიმე რეგიონიდან მაშველებმა ადამიანების ევაკუაცია შეძლეს.

ევროპელი ლიდერები და ექსპერტები წყალდიდობის მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ.

რაც შეეხება ზარალს, ამ დროისთვის ზარალის ზუსტი რაოდენობის დათვლა რთულია, რადგან ჯერ კიდევ არ დასრულებულა ქუჩების გაწმენდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ სამშაბათს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განიხილება გადაუდებელი დახმარების სახით 300 მილიონი ევროს გამოყოფა.

სტიქიის შედეგად ქალაქებში დაინგრა შენობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ელექტროობა, გაზის გაყვანილობები, სარკინიგზო და საავტომობილო გზები.