ევროკავშირის შვიდი ქვეყანა COVID სერთიფიკატის გაცემას იწყებს

ივნისი 1, 17:21
0
146

1 ივნისიდან ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის გაცემა შვიდმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ხორვატიამ და ჩეხეთმა – დაიწყო. ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის გაცემას დაიწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყველა ფუნქცია ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

სერთიფიკატი უფასო, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დოკუმენტი იარსებებს როგორც ელექტრონული ფორმატით, ასევე ქაღალდზე დაბეჭდილი.

რეგულაცია 1 ივლისიდან  ამოქმედდება; ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, რომლებმაც გაიარეს ტექნიკური შემოწმებები და მზად არიან გასცენ და გადაამოწმონ სერთიფიკატები, ახლა უკვე ნებაყოფლობით დაიწყებენ ციფრული სისტემის გამოყენებას. ამიტომ, კოვიდ-პასპორტების შემოღების გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებსა და კვირებში უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება.

„ევროკავშირის შვიდი წევრი ქვეყნის მიერ ციფრული COVID სერთიფიკატების გაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოვუწოდებ სხვებსაც, რომ, რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას. დროული მომზადება სრული სისტემის 1 ივლისამდე ამოქმედების საშუალებას მოგვცემს,“ – განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრების კომისარმა, ტიერი ბრეტონმა.

”ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატი ევროპის მოქალაქეებს  გაერთიანების შიგნით თავისუფლად და უსაფრთხოდ მიმოსვლის საშუალებას მისცემს. ეს აჩვენებს ევროპის ტექნოლოგიურ ლიდერობას ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით (იგულისხმება მონაცემთა დაცვა, ინკლუზიურობა და პროპორციულობა). მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს კვირებში ყველა წევრი ქვეყანა შესაბამისად მოემზადოს; სისტემა 1 ივლისს სრულად ამოქმედდება,“ – განაცხადა იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა.

 

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდ-პასპორტების შემოღების გადაწყვეტილება 20 მაისს მიიღო. სპეციალური სერთიფიკატები 1 ივლისიდან ამოქმედდება.