ეს შეთანხმება არის გადასარჩენი, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს – ლევან იოსელიანი

ივლისი 20, 13:05
0
74
“მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, როგორც ოპოზიციამ, ასევე, მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება უნდა გადაარჩინოს. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს გამოეხმაურა.
რაც შეეხება მიშელის მოწოდებას, შეთანხმებას შეუერთდნენ სხვა პარტიებიც, იოსელიანი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ისინი 2 თვით ბოიკოტს აცხადებენ.
„მიშელის გზავნილები შეხვედრის მერე ეხებოდა სასამართლოს და მან ცალსახად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას. ეს შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე დევს, ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის ასევე „ქართული ოცნების“ მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს, ჩვენი შესასრულებელია ორივე მხარის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად წავიდა ბოიკოტში, განაცხადი გააკეთეს ბიუროზე და ორი თვე იქნებიან ბოიკოტში, ბოიკოტში მყოფი პარტია რამდენად მოაწერს ხელს შეთანხმებას, რა გითხრათ, მგონი არ მოაწერენ, თუმცა, სულ ვამბობდი, მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოეწერათ და შეერთებოდნენ სამუშაო პროცესს, რაც დაიწყო პარლამენტში“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. შარლ მიშელმა შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წევრებთან.