„ერთ ამგვარ ლექსს თუ კიდევ დაწერს, მეოთხე ჯვრის ტარების უფლებითაც დაჯილდოვდება პატრიარქისაგან“ – რა ვიდეოს აქვეყნებს დეკანოზი ილია

ივლისი 19, 13:51
0
315

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ზეცით დაკვებილი თვალები გაქვს უწმინდესოო, ამღერებენ ბავშვებს. სტალინის მიმართაც ამღეროდნენ ბავშვებს, მაგრამ არამგონია იმ ტექსტებში სტალინს ნაკვთები ან ულვაშები ყოფილიყო ნადიდები.
მლიქვნელური კაცმადიდებლობა, არქაულ სიტყვათა რახარუხი და მკრეხელური პანეგირიკია ეს ჰიმნი ილია მეორისადმი, სადაც დიდი ქართველი ისტორიული წმინდა პირები ილია მეორის მსახურებად არიან წარმოდგენილები: დავით აღმაშენებელმა გიმედავითნაო, თამარ მეფემ გვირგვინი გიმზისფერაო, უწმინდესოო, განსაკუთრებული თვალები გაქვსო და სმარაგდოი შტახსი იგი რამეთუ აღმოშთა და რეცა დიმპიტაურ-ტაურიო.
ხოო, მთავარიი: ღვთისმშობელმა შვილად გაგხადაო, ანუ იესო ხარო…
მგონი სამთავროს დედათ მონასტრის წინამძღვარი ქეთევანია ავტორი. ერთ ამგვარ ლექსს თუ კიდევ დაწერს, მეოთხე ჯვრის ტარების უფლებითაც დაჯილდოვდება პატრიარქისაგან, მერე რა თუ ქრისტემ ერთი ჯვარი ატარა, ჩვენ ხომ უფრო მაგრები ვართ და რუსული ჩერჩეტული ფსევდო ჯილდოების ტრადიცია არ გვეთმობა.
აი, რა ტექსტს ამღერებენ ბავშვებს:
«ქართულ საგალობელს მადლი დაეფინა,
სული იბერული სუნთქავს სამზიანოს,
ზეცით დაფერილი წმინდა თვალები გაქვს,
სულის სითეთრეში მადლი დაგფრთიანობს.
სითბო დათოვლილმა ჯვარმა ილიბანა,
საროდ გესირმება სული მოსალბუნე,
ბერთა იბერიას ნატრის მწირი ბანა,
მირონ გადმოღვივით მცხეთის ხოდაბუნებს.
ლომისს ეფონება მამის მაისობა,
ცაი სმარაგდოი სულში ჩაიკმიე,
გული გაგვიწმიდე ტკბილო პატრიარქო,
დარდით დასეტყვილო, მადლით ჩაგვინისლე.
ზეცის დედოფალმა შვილად დაგიგულვა.
იბერთ მამობრივი სული დაგვიმორჩე,
აღმაშენებელმა შტასი გიდავითნა,
ქრისტეს ეკლებმა კი შუბლი დაგიკოცნეს.
ლოცვის სინატიფე ათოვს ღუდუშაურს,
აჩხოტს სულიწმიდის მადლი აცისკარებს,
ზეცას ქერუბიმობს რქაი დავითური,
ქრისტეშობის მადლით გერგეთ გაწმიდანებს.
ქართულ საგალობელ გუმბათს ეკამარა,
ვახტანგ მადლსამოსად მცხეთას იპირველებს,
მამა დაგვილოცეთ ზეცად იბერიავ,
თამარ გვირგვინოსან გვირგვინს გიმზისფერებს.
ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უუტკბესო
სოფლის სიშავიდან მადლი ამოძოვე
მამა დაგვილოცეთ დიდნო წინაპრებო,
ჯვარო უძლეველო – მამა დაგვილოცე.
მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგფრთიანობს
ზეცით დაკვებილი წმინდა თვალები გაქვს,
,,ჩემო პატრიარქო“, ,,ჩემო პარტიარქო”!
(რეპრიზა) ზეცით დაკვებილი წმინდა თვალები გაქვს,
,,ჩემო პატრიარქო”,
,,მშვიდო პატრიარქო!!”“.