ერაყის ბაზარში ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 20, 11:19
0
63

ერაყის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ბაღდადში, ქალაქ სადრში მდებარე ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტი ეიდ ალ-ადას ფესტივალის წინა დღეს მოხდა.
Nasheer Telegram-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათივე განცხადებით, დაჯგუფების ერთ-ერთმა „ბოევიკმა“ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხით გადატვირთულ ბაზარში ააფეთქა.
დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში მოთავსებულ დაჭრილთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა ალ-კადიმიმ, თავდასხმის განსახილველად უსაფრთხოების უმაღლეს მეთაურებთან გადაუდებელი შეხვედრა გამართა.
აპრილში, სუნიტი მუსლიმების მებრძოლთა ჯგუფმა „ისლამურმა სახელმწიფომ“, ასევე პასუხისმგებლობა აიღო შიიტ მუსლიმთა დასახლებაში მდებარე სადრის ბაზარში განხორციელებულ ტერაქტზე, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
ერაყის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი თავდასხმები თითქმის ყოველდღიური მოვლენა იყო, თუმცა 2017 წელს ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, ტერაქტები შემცირდა.