დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლა დაასრულა

ივნისი 4, 21:16
0
57

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების ბიულეტენების გადათვლა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„რიგ შემთხვევებში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რომელსაც არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა ამ კონკრეტული უბნების შედეგებზე და მით უმეტეს, არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგზე“, – განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღება იქნება საჭირო. ამიტომ, მომავალი კვირის დასაწყისში სავარაუდოდ, ორშაბათს, კომისია გეგმავს შეკრებას და ამ 20 უბნის გადათვლის შედეგების განხილვას.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტენების ნაკლებობის, ასევე, ბიულეტენების მეტობის კუთხით. აგრეთვე შერჩეული იყო ის უბნები, სადაც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების დამთხვევა დაფიქსირდა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განაცხადებით, საბოლოო ჯამში, კომისიამ ყველაზე პრობლემური 38 უბნიდან 20 უბანი გადათვალა, რაც რეალური საერთო სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.