ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან – ირაკლი კობახიძე

ივლისი 20, 20:31
0
46

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის ლიდერებს, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს – ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ ღონისძიებას – ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებებისა, მივესალმები „ქართული ოცნების“ 40 ათასზე მეტ წევრს, ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია“, – ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე.

კობახიძის თქმით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით:

„თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება; როგორ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება ქალაქებსა და სოფლებში; როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო; როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; როგორ უნდა გაფართოვდეს მუნიციპალური სოციალური სერვისები.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.

ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე.

ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება – საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას. სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.