ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ

ივლისი 20, 15:58
0
41

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან: გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.