ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

ივლისი 21, 20:50
0
99

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ე.წ ბოჩოლების საქმე პლენუმს გადასცა განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტი ავრცელებს.

დამკვიდრებული პრაქტიკით დადგენილების ნომრის ტექნიკურად შეცვლა საკმარისი იყო საქმის შესაწყვეტად, რაც აჭიანურებდა სასამართლო პროცესს. თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვდა, მთავრობის მანიპულირების მიუხედავად გაეგრძელებინათ სამართალწარმოება ბოჩოლების საქმეზე.

სასამართლოს მეორე კოლეგიამ მხარი დაუჭირა საქმის გაგრძელებას. მათი განმარტებით, ბოჩოლების საქმის მსგავს სიტუაციაში სამართალწარმოების ავტომატური შეწყვეტა განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ფუჭ შრომას და მოკლებულია ლოგიკურ ახსნას.

ამასთან, სასამართლოს მეორე კოლეგიამ გააკრიტიკა დამკვიდრებული პრაქტიკა, რადგან ის აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტიანობას.

“სასამართლოს აზრით, ბოჩოლების საქმეში შუამდგომლობაზე უარის თქმა არა მარტო აფერხებს მოსარჩელის უფლების ეფექტიანად დაცვას, არამედ შეუსაბამოა კანონმდელობასთანაც.

მეორე კოლეგიამ დაასკვნა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს შემთხვევებში მიეცეს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ ბოჩოლების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება პლენუმმა უნდა გამოიტანოს.

ცნობისთვის, თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი”.