„ბნელი საუკუნეების“ ექვსი დამსახურება

ივლისი 19, 18:10
0
76

476 წლის შემდგომ ეპოქას ანუ რომის იმპერიის დაცემის და ბარბაროსთა მიერ მისი დაპყრობის მომდევნო ხანას, ხშირად „ბნელ საუკუნეებად“ მოიხსენიებენ. იმ დროის ჟამთააღმწერელნი შუა საუკუნეებს ბნელეთისა და უმეცრების დროებას უწოდებენ, როდესაც მოხდა მეცნიერებისა და განათლების დაცემა. ამ აღწერილობებისას უთუოდ წარმოგვიდგება რელიგიურ ფანატიკოსთა ბრბოები, რომლებიც ცეცხლში წვავდნენ არა მხოლოდ წიგნებს, არამედ მეცნიერებსაც, ყველგან ჭუჭყი და სნეულებებია გამეფებული… მაინც იბადება კითხვა: მართლაც ასეთი წყვდიადი სუფევდა იმ დროს, როგორც თანამედროვენი ამტკიცებენ?

  1. ტერმინი „ბნელი საუკუნეები“ გვიან ეპოქაში დაიბადა იმ მეცნიერთა წყალობით, რომლებიც ერთობ მიკერძოებულად ეპყრობოდნენ ძველ რომს. ეს კი მას მერე მოხდა, რაც გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს რომის იმპერია. ამ უკუდეგანო ტერიტორიაზე მათ გაანადგურეს რომაული ტრადიციები, რომლებიც საკუთარით ჩაანაცვლეს. ამ პერიოდის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება იმდროინდელი ტექსტების შესაბამისად ჩამოყალიბდა. ისეთი ავტორები, როგორებიც იყვნენ წმინდა იერონიმი, წმინდა პატრიკი, გრიგოლ ტურსელი და სხვანი, უბრალოდ ჩაციკლულები იყვნენ რომზე. მათი მეოხებით მოხდა რომის შემდგომი პერიოდის უაღრესად ნეგატიურ პლანში წარმოჩენა. ძველი დროის ავტორები ნაწილობრივ მართლები იყვნენ, რამდენადაც უამრავი ინოვაცია დაიკარგა. თუმცა არც იმისი თქმა შეიძლება, რომ მეცნიერება და განათლება არ ვითარდებოდა. აღორძინების ხანის მეცნიერები, მაგალითად, პეტრარკა, ძველ რომასა და საბერძნეთს, ყველა სფეროში ადამიანის მიღწევათა ზენიტად განიხილავდა. ისინი, ამ უკვე სამარადჟამოდ გარდასულ ეპოქას ზედმეტად აიდეალებდნენ თანამედროვეობის უკიდურესად დამცრობის ხარჯზე. იმ დროის მწერალები თუ ფილოსოფოსები, რომლებიც წარსულით ცხოვრობდნენ, უბრალოდ ვერც ამჩნევდნენ თავის თანამედროვე დიდ ლიდერებს, სახვითი ხელოვნების შედევრებს და სამეცნიერო მიღწევებს.

 

2. ეკლესიამ დაიკავა რომის იმპერიის ადგილი და ევროპაში უმძლავრეს ძალად იქცა.

რომის დაცემის შემდგომ, ევროპაში არ არსებობდა ძალაუფლების ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელსაც მისი ჩანაცვლება შეძლებოდა. გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ კარლოს დიდის მმართველობის ხანმოკლე პერიოდი. თუმცა წმინდა ადგილი ცარიელი არასოდეს რჩება. ძალაუფლების ამგვარ ინსტიტუტად ეკლესია გადაიქცა. ასეთი სამეთაურო ფუნქცია მან მონაზვნობის განვითარება-განვრცობის წყალობით შეიძინა. ეს მოძრაობა მესამე საუკუნეში ჩაისახა და მის ფუძემდებლად ანტონ ეგვიპტელი გვევლინება. მონაზვნობის განსაკუთრებული აყვავების ხნად მე-10-13სს. მიიჩნევა. იმდროინდელი ყველა მონაზონი მჭიდრო კავშირში იყო ეკლესიასთან, ხელისუფლება კი სრულად ეყრდნობოდა რელიგიურ ინსტიტუტებს. ამავე ეპოქაში ძალზე გაიზარდა პაპის და რომის კათოლიკური ეკლესიის ავრორტიტეტი. მეფეები და დედოფლები ვერაფერს წყვეტდნენ ეკლესიის ნებართვის გარეშე. რომის იმპერიისგან განსხვავებით საუბარიც კი ვერ იქნებოდა ხელისუფლების მონოპოლიზაციაზე. ეკლესიის გავლენის ამგვარმა მძლავრმა ბერკეტმა, სრულიად პოზიტიური შედეგები მოიტანა. სამეფო ძალაუფლების შეზღუდვამ, მოგვიანებით კი თავისუფლების დიდი ქარტიის მიღებამ და ინგლისური პარლამენტარიზმის  დაბადებამ, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო იტორიულ პროცესზე.

3. მონაზვნობის ზრდას  მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მოგვიანო დასავლური შეხედულებებისა და ფასეულობათა ფორმირების თვალსაზრისით.

ეკლესიის დომინირება ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ძირითად მიზეზს, რის გამოც მოგვიანებით, მეცნიერებმა ამ პერიოდს „ბნელეთის“ დამღა დაადეს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდაა აღწერილი მეთექვსმეტე საუკუნის პროტესტანტული რეფორმაციის მკვლევარებისა და მე-17-ე-მე-18-ე საუკუნეების განმანათლებელთა მიერ. ამ მეცნიერთა აზრით, ეკლესიამ შეაფერხა  სამეცნიერო და ინტელექტუალური პროგრესი. ისინი წერდნენ, რომ რელიგიური კეთილსინდისიერება სრულად ზღუდავს მეცნიერებასა და ხელოვნებას. ეს კი სრულ სიცრუეს წარმოადგენდა. ადრექრისტიანული მონაზვნობა, პირიქით, ხელს უწყობდა განათლების მიღებას. მონასტრებთან ფუნქციონირებდა  სკოლები, სადაც ადამიანები სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ. იმ პერიოდის საეკლესიო მოღვაწეები ართუ მფარველობდნენ ხელოვნებას, არამედ თავადაც ნიჭიერი მხატვრები, მწერლები და მეცნიერები იყვნენ.

ერთ-ერთ ასეთ გავლენიან მონაზონს წარმოადგენდა ბენედიქტე ნურსელი(480-543), რომელმაც მონტეკასსინოს დიდი სააბატო დააფუძნა. ბენედიქტიანელთა მთავარ წესად, არსებითად კონსტიტუციად იქცა წერილობითი კოდექსი, რომელიც ადგენდა მონასტრისა და თემის არსებობა-ფუნქციონირების სტანდარტებს. დადგენილი წესებით იზღუდებოდა აბატის უფლებამოსილებანი. ბენედიქტე მიიჩნევდა, რომ სულისთვის საცხოვნებელს წარმოადგენს ყოველი სახის, მათ შორის ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომა და სათანადოდ, სასულიერო პირები ლოცვასთან ერთად უნდა გაისარჯნენ კიდეც. ეს კოდექსი ერთგვარ ნიმუშად იქცა დასავლური მონასტრებისთვის. ეს ეთიკური კოდექსი საუკუნეებით უსწრებს წინ პროტესტანტთა დოგმებს შრომასთან დაკავშირებით.

4. ადრეული შუა საუკუნეები სოფლის მეურნეობის აღმავლობის ხანას წარმოადგენდა.

ადრეულ შუა საუკუნეებამდე, ევროპის სასოფლო სამეურნეო აყვავება ძირითადად სამხრეთით შემოიფარგლებოდა. იმ ადგილების რბილი, ნაშალი მიწის დამუშავება პრიმიტიული ტექნიკითაც ხერხდებოდა. დანარჩენი მიწები კი რთულ დამუშავებას ითხოვდა, რის გამოც არსებითად დაუმუშავებელი რჩებოდა. მძიმე გუთნის გამოგონებამ, რომელიც ღრმად ხნავდა მძიმე თიხნარსაც, ყოველივე შეცვალა. მეათე საუკუნისთვის ჩრდილოეთ ევროპის სოფლის მეურნეობა სრულიად შეიცვალა და განვითარდა. იმ დროის ინოვაციად იქცა უღელი, რომელსაც პირუტყვს თავსა და კისერზე აცვამდნენ, რაც ტვირთის თანაბრად გაანაწილების შესაძლებლობას იძლეოდა. ცხენები ხარებზე ძლიერნი აღმოჩნდნენ. უღელმა არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო რევოლუციას შეუწყო ხელი, არამედ ადამიანის გადაადგილებასაც. ამავე პერიოდში დაიწყო მეტალის ნალების გამოყენებაც. იმხანად ადგილი ქონდა ე.წ. „თბილ პერიოდს“, როდესაც  მეტწილად კარგი ამინდი იდგა, რამაც ტექნიკურ გამოგონებებთან ერთად განაპირობა სოფლის მეურნეობის მძლავრი, ნახტომისებრი განვითარება.

5. ისლამურ სამყაროში მათემატიკამ და მეცნიერებამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია.

შუა საუკუნეებთან დაკავშირებულ მითებს შორის  ყველაზე პოპულარულია, თითქოსდა ქრისტიანული ეკლესია კრძალავდა გამოგონებებსა და ექსპერიმენტებს, თავად მეცნიერებს კი მძიმე დღეში აგდებდა. ეს კი სამეცნიერო პროცესის დამუხრუჭებას იწვევდა. სინამდვილეში არ არსებობს ამის არნაირი ისტორიული დასაბუთება. უბრალოდ აღმოსავლეთთან შედარებით, ევროპაში ეს პროცესი შედარებით ნელა მიდიოდა. თუმცა პროცესი მუდმივობით ხასიათდებოდა, რამაც სამომავლო აღმოჩენები და მიღწევები განაპირობა. ისლამურ სამყაროში კი ყოველივე საპირისპიროდ განვითარდა. მძლავრი განვითარება ჰპოვა მეცნიერებამ, მათ შორის მათემატიკამ. ამ მიღწევებს მიაწერენ იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთში ძველბერძნულ ტექსტებს შეისწავლიდნენ და იყენებდნენ. მეცხრე საუკუნის სპარსელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ალ-ხორეზმიმ ევროპას ალგებრა გააცნო. ამ დიდმა მეცნიერმა მეცნიერებას აჩუქა ტერმინი „ალგორითმი“.

6. კაროლინგების აღორძინებამ გამოიწვია მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურისა და არქიტექტურის მძლავრი აყვავება.

კარლოსი, პიპინ მოკლეს ვაჟი იყო, რომელმაც, თავის ძმასთან, კარლომანთან ერთად მემკვიდრეობად ფრანკთა სამეფო მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ კარლს ძმაც გარდაეცვალა. მომავალ ოცდაათწლეულში კარლმა სამეფოზე აბსოლუტური კონტროლი დაამყარა. ისტორიაში იგი კარლოს დიდის სახელით შევიდა. ეს ხელმწიფე მრავალრიცხვოვან ომებს აწარმოებდა მუსულმანებთან ესპანეთში, ომობდა ბავარიელებთან, საქსებთან და ლანგობარდებთან იტალიის მიწაზე. ამ ომებმა ფრანკთა მიწაწყლის გაფართოება გამოიწვია. როგორც იმ გერმანული ტომის პირველი წარმომადგენელი, ვინც კათოლიციზმი ოფიციალურად აღიარა, კარლოს დიდი მეტად სერიოზულ ყურადღებას უთმობდა სარწმუნოების გავრცელებას. 800 წელს, რომის პაპმა ლევ მესამემ, კარლოსის, როგორც „რომაელთა იმპერატორის“ კორონაცია მოახდინა. საბოლოო ანგარიშით კი ეს წოდება საღვთო რომის იმპერატორის ტიტულად იქცა. კარლოსი საოცრად ამაყობდა ამ ტიტულით და ძალღონეს არ იშურებდა ძლევამოსილი სახელმწიფოს შესაქმნელად. ის ყოველმხრივ უწყობდა ხელს რომაული სტილის აღორძინებას არქიტექტურაში. მისი ძალისხმევით მოხდა საგანმანათლებლო რეფორმა და კლასიკური ლათინური ტექსტების შენარჩუნება. კარლოს დიდის ძირითად მიღწევად მიიჩნევა სტანდარტული წერის ფორმის შემოღება, რაც მინიატურული კაროლინგური შრიფტის სახელითაა ცნობილი.

ისეთი სიახლეების შემოღებით, როგორიცაა: რეგისტრი, პუნქტუაცია და ინტერვალი, კარლოსმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა დამწერლობასა და ტექსტების კითხვაში. გამარტივდა წიგნებისა და სხვა სახის დოკუმენტების წარმოება.

კაროლინგების დინასტიამ მეტად ცოტა ხანს იარსება,თუმცა მისმა ფასდაუდებელმა მემკვიდრეობამ  მყარი საფუძველი ჩაუყარა და უზრუნველყო მოგვიანო კულტურული აღორძინება.

წიგნები, სკოლები, სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები, სახელმძღვანელოები და დამოკიდებულება მეცნიერებასთან – ყოველივე ეგრეთწოდებული „ბნელი საუკუნეების“ დამსახურებაა.

 

მასალა მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით.