ბელარუსი ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს

ივნისი 4, 12:52
0
157

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, შეერთებულ შტატებს მოუწევს, დედაქალაქ მინსკში განთავსებულ საელჩოში დიპლომატიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა შეამციროს.

ბელარუსი ასევე აცხადებს, რომ ამკაცრებს სავიზო პროცედურებს აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მუშაობენ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კი ბელარუსში მუშაობის ნებართვა გაუუქმა.

ბელარუსის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები აშშ-ის მიერ ბოლო დროს დაწესებული სანქციების საპასუხოდ გადადგეს.

ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დასმისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენდა.