„ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა”: მოსკოვში  ახალი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

ივნისი 7, 16:41
0
114

რუსეთის ტელეარხის „დოჟდის“ («Дождь») პროგრამა-შოუ «Здесь и сейчас»-ში 5 ივნისს, საღამოს, გადაიცა სიუჟეტი ახალი ქართული მხატვრული ფილმის შესახებ სახელწოდებით „ბებია: ჩემი ერთადერთი სურვილით“, რომლის რუსული პრემიერა, პროგრამის წამყვანი დენის კატაევის თქმით, ამ რამდენიმე დღის წინ გაიმართა მოსკოვის კინოთეატრ Garage Screen-ში. საერთოდ კი, ფილმის საერთაშორისო პრემიერა როტერდამის ფესტივალზე განხორციელდა, სადაც ბევრი პროფესიონალი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა: კინოსურათის რეჟისორია რუსული წარმომავლობის მქონე მწერალი და მხატვარი ჟუჟა დობრაშკუსი, გადაღებული ფილმი კი მის დებიუტს წარმოადგენს.

ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია პროგრამის ფრაგმენტის ტექსტი სათაურით „ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“, რომლის შემოკლებულ ქართულ თარგმანს აქვე გთავაზობთ:

დიდი ბრიტანეთის ხელშეწყობით გადაღებული ფილმი ერთგვარი არაკია, რომელიც ქართული კინემატოგრაფის ტრადიციებს აგრძელებს. ჩვენ მოწმენი ვხდებით ერთი პროვინციული ოჯახის ისტორიისა, სადაც ბებია კვდება – დიახ, ის ბებია, რომელიც თავისებური, მკაცრი ხასიათის მქონე ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვრებისეულ კვალს ტოვებს, რომელიც სააქაოს და საიქიოს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ყველას ახსოვდეს: ვინ არიან, საიდან მოდიან, რისთვის ცოცხლობენ და ცხოვრობენ…

შავ-თეთრი ფილმის ცენტრალური პერსონაჟი შვილიშვილი გოგონაა – არიადნა, რომელსაც ბავშვობაში მკაცრი ბებიისა ძალიან ეშინოდა. ამჟამად იგი მოდელია, რომელიც ევროპიდან მშობლიურ ქართულ სოფელში ბრუნდება, გარდაცვლილი ბებიისათვის პატივის მისაგებად… ფილმში 21-ე საუკუნე უკანა პლანზე გადადის და ქალიშვილის მოქმედებით ძველი ტრადიციები ცოცხლდება… მას, როგორც ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, დაავალებენ, რომ ბებიის სულის მოსახსენებელი წესი სეასრულოს – გაჭიმოს ძაფი საავადმყოფოდან სოფლის სასაფლაომდე, რათა ბებიის სული ცხედრის კვალს მიჰყვეს. ფილმის მთავარი გმირი ყოველნაირად ეწინააღმდეგება ამ, მისი აზრით, მოძველებულ ტრადიციას, მაგრამ ბებია მაინც კარნახობს შვილიშვილს იმ ქვეყნიდანაც კი, რომ მან დავალება შეასრულოს…

ტელეარხის სტუდიაში თვითონ რეჟისორმა ჟუჟა დობრაშკუსმა ისაუბრა. მისი თქმით, იგი კარგად იცნობს სახელგანთქმული ქართული კინოს დიდებულ ტრადიციებს: საქართველო მითიური ადგილია, შეიძლება ერთდროულად დაინახო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ამიტომ შეარჩია მან ეს ქვეყანა იმ ფილმის კადრების გადასაღებად, [რომლის სცენარის ავტორი თვითონ არის]. რეჟისორი განმარტავს, რომ საიქიოსა და სააქაოს დამაკავშირების კადრები რეალურ სინამდვილეს ასახავს: საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, კერძოდ, სამგრელოში არის ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანის სული გარდაცვლილს აუცილებლად თან უნდა გაჰყვეს და ამაში მას გაჭიმული ძაფი ეხმარება…