აშშ-ში, დუკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, პაციენტს ახალი თაობის პირველი ხელოვნური გული გადაუნერგეს

ივლისი 22, 14:15
0
108

დუკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ქირურგთა გუნდმა (ექიმების – იაკობ შროდერისა და კარმელო მილანოს – ხელმძღვანელობით) გულის უკმარისობით დაავადებულ 39 წლის მამაკაცს ახალი თაობის ხელოვნური გული წარმატებით გადაუნერგა. საავადმყოფო ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი სამედიცინო ცენტრი გახდა, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა. ხელოვნური გული CARMAT-ის (სამედიცინო აპარატების მწარმოებელი კომპანია) მიერ შეიქმნა და შესწავლილი და აპრობირებულია ევროპაში. გასულ წელს, კომპანიამ აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA), ბოლო ეტაპზე ბივენტრიკულარული გულის უკმარისობის მქონე 10 პაციენტის გამოკვლევის დაწყებაზე ნებართვა მიიღო. დუკის საავადმყოფო მოწყობილობის შესასწავლად აშშ-ში სამ ტრანსპლანტაციის ცენტრს შორის შეარჩიეს; ქირურგთა გუნდმა იმპლანტაციისთვის მოსამზადებლად სპეციალიზირებული ტრენინგი გაიარა. კვლევა ხელოვნური გულის სიცოცხლისუნარიანობის დონეს შეაფასებს.

„აღფრთოვანებული ვართ, რადგან ჩვენი პაციენტი ორშაბათის პროცედურის დასრულების შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს აპარატურა პაციენტებისთვის „სამაშველო თოკის“ ფუნქციას შეასრულებს”, – თქვა ქირურგმა მილანომ, რომელიც დუკის სამედიცინო აპარატურის მთავარი მკვლევარია.

”მეც და მეთიუც მადლიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, მონაწილეობა მიგვეღო ისეთ პროცესში, რამაც შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება,” – თქვა მეთიუ მურის მეუღლემ, რეიჩელ მურმა.

ჩრდილოეთკაროლინელი მეთიუ მური დუკის საავადმყოფოს პაციენტი ივნისში, გულის უკმარისობის მოულოდნელი დიაგნოზის დასმის შემდეგ, გახდა.

CARMAT-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური გული  იმპლანტირებადი პროთეზია, რომელიც მოიცავს მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ქსოვილისგან მიღებულ ბიოლოგიურ სარქველებს.